dadablebuli formebi - vake

 

ხმელეთის ზედაპირის, ზღვისა და ოკეანის ფსკერის რელიეფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორფოგრაფიული ერთეული, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმაღლეების მცირე ცვალებადობა და სუსტი დახრილობა. პირობითად ხმელეთზე 200 მ-ზე დაბლა მდებარე ვაკეს დაბლობს უწოდებენ (მაგ., კოლხეთის დაბლობი), 200-იდან 500 მ სიმაღლეზეა საკუთრივ ვაკე (მაგ., შიდა ქართლის ვაკე), კიდევ უფრო მაღლაა მთის ვაკე (მაგ., ირანის მთიანეთის შიგა ნაწილი).

გენეტურად განარჩევენ დენუდაციურ და აკუმულაციურ ვაკეებს. დენუდაციური ვაკეებია: ეროზიული, აბრაზიული, დეფლაციური (ეგზოგენური რელიეფწარმომქმნელი აგენტების შესაბამისად), ცოკოლიანი, შრეებრივი (გეოლოგიური სტრუქტურების შესაბამისად), პენეპლენი, პედიპლენი და სხვ.

აკუმულაციური ვაკეებია: ზღვიური, ალუვიური, ტბიური (ეგზოგენური რელიეფწარმომქმნელი აგენტების შესაბამისად), ვულკანური (ენდოგენური რელიეფწარმომქმნელი აგენტების შესაბამისად) და სხვა.

უდიდესი ვაკეებია: აზიაში - დასავლეთ ციმბირის ვაკე, ჩინეთის დიდი ვაკე, ინდ-განგის ვაკე; ევროპაში - აღმოსავლეთ ევროპის ვაკე; ჩრდილოეთ ამერიკაში - დიდი ვაკეები, ცენტრალური ვაკეები; სამხრეთ ამერიკაში - ამაზონის დაბლობი, გვიანის დაბლობი; აფრიკაში საჰარისა და სუდანის ვაკეები; ავსტრალიაში - ცენტრალური დაბლობი.